დონალდ ტრამპმა „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დეტალურად ისაუბრა – „ეს ყველაზე საოცარი ისტორიაა, ვფიქრობ, სიმართლეა და წარმოუდგენელია“

01:49, 01.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან „დაწვრილებით“ ისაუბრა.

„ეს ისტორია მომიყვა ბიბიმ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა. ვფიქრობ, ეს ყველაზე საოცარი ისტორიაა. ვფიქრობ, სიმართლეა და საკმაოდ წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა მეორე პილოტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის „შესაძლოა ტერორისტი იყო, შესაძლოა გიჟი“.

„ის კარები მყარი ფოლადისაა, გარედან ვერ გააღებ. მან კარის გაღება შეძლო, შემდეგ კი იყვირა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ამის შემდეგ ბორტზე მყოფმა სანტექნიკოსმა ყვირილი გაიგო და კაბინისკენ გაიქცა, მეორე პილოტი სავარძლიდან ააყენა, უკან გადააგდო, მგზავრებმა კი ის შეაჩერეს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ დროს თვითმფრინავი არასწორი კუთხით ეშვებოდა, სანტექნიკოსმა კი „მართვის სადავე აიღო, ზემოთ ასწია და თვითმფრინავი გაასწორა“.

ტრამპის თქმით, როცა სანტექნიკოსს ჰკითხეს, როგორ მოახერხა თვითმფრინავის დაშვება, მან უპასუხა, რომ გადაცემა Air Disasters ხშირად უყურებს.

„ამ გადაცემიდან ისწავლა, როგორ უნდა ფრენა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის მხარეს ინფორმაცია არ აქვს, სურდა თუ არა მეორე პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება.

ცნობისთვის, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.

მსგავსი