დონალდ ტრამპის საპასუხოდ ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ავღანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
ჩინეთი პატივს სცემს ავღანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლი ძიანმა გააკეთა ბაგრამის ავიაბაზაზე დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებისას.
„ჩინეთი პატივს სცემს ავღანეთის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ავღანეთის მომავალი და ბედი ავღანელი ხალხის ხელში უნდა იყოს. მსურს, აღვნიშნო, რომ რეგიონში დაძაბულობის გამწვავება და კონფრონტაციის შექმნა საზოგადოებრივ მხარდაჭერას ვერ მოიზიდავს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნება უნდა. ტრამპის თქმით, ავღანეთში მდებარე ავიაბაზის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი მისი ახლო მდებარეობაა ადგილთან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს.