დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

კერძოდ, როგორც ცუკერბერგი ამბობს, გადაიხედება „ფეისბუქზე“ ისეთი ჩანაწერების გამოქვეყნების პოლიტიკა, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენების მუქარას ან ამომრჩევლებზე ზეწოლას შეიცავს. ამავე დროს, „ფეისბუქის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში დაინერგება იმგვარი პოსტების მონიშვნის პრაქტიკაც, რომლებიც სოციალური ქსელის ქცევის კოდექსსა და წესებს არღვევს, მაგრამ მათი წაშლა არ შეიძლება.

ცუკერბერგმა ასევე დადო პირობა, რომ „ფეისბუქი“ გადახედავს სტრუქტურას, რათა უფლებადამცველების მოსაზრებები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას და ვიქნებით გამოხატვის თავისუფლების მხარეს, მაშინაც კი, თუ ამ მოსაზრებებს მტკიცედ არ ვეთანხმებით. მე ასევე მოწოდებული ვარ, ისე მოვიქცე, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ამომრჩევლების ჩართულობისა და რასობრივი სამართლიანობისთვის“, – წერს ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე.

მარკ ცუკერბერგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ფეისბუქის“ თანამშრომლების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის მიზეზი იყო ცუკერბერგის გადაწყვეტილება, არ წაეშალა სოციალური ქსელიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს – „როდესაც იწყება ძარცვა, იწყება სროლაც“. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული არეულობის საპასუხოდ გააკეთა.

„ფეისბუქის“ ასობით ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომელმა მოუწოდა მარკ ცუკერბერგს, წაეშალა ტრამპის ეს ჩანაწერი, რადგან ის ძალადობას ახალისებდა.

ამასთან, „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, „ფეისბუქის“ შიდა კენჭისყრის დროს სოციალური ქსელის 5 000-ზე მეტმა თანამშრომელმა მასალის გამოქვეყნების წესის შეცვლას მისცა ხმა.