დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენა 22 ივლისს გაიმართება
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენა 22 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა განაცხადა.
კომერმა ოფიციალურად დანიშნა მოსმენა სახელწოდებით „აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ზედამხედველობა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა“.
კომერის თქმით, კომიტეტის მოსმენაზე ერთ-ერთი მოწმე საიდუმლო სამსახურის დირექტორი კიმბერლი ჩიტლი იქნება.
შეგახსენებთ, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.