დონალდ ტრამპი - ყასემ სოლეიმანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კლავდა ათასობით ამერიკელს და კიდევ უფრო მეტის მოკვლას გეგმავდა
დონალდ ტრამპი - ყასემ სოლეიმანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კლავდა ათასობით ამერიკელს და კიდევ უფრო მეტის მოკვლას გეგმავდა

დონალდ ტრამპის განცხადებით, გენერალი ყასემ სოლეიმანი ათასობით ამერიკელის მოკვლას გეგმავდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა „ქუდსის ძალების“ ყოფილი მეთაური დემონსტრანტების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა.

„გენერალი ყასემ სოლეიმანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კლავდა ან მძიმე დაზიანებებს აყენებდა ათასობით ამერიკელს. კიდევ მეტის მოკვლას გეგმავდა, მაგრამ დაიჭირეს! ის პირდაპირ, თუ ირიბად მილიონობით ადამიანის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი. მათ შორის არიან ცოტა ხნის წინ ირანში მოკლული დემონსტრანტები. მიუხედავად იმისა, რომ ირანს სათანადოდ არასდროს შეეძლება ამის აღიარება, სოლეიმანი ქვეყნის შიგნით ეზიზღებოდათ, მისი ეშინოდათ. ისინი არც ისე დამწუხრებული არიან, როგორც ლიდერები აჯერებენ გარე სამყაროს“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა მიკრობლოგის საშუალებით.

ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ირანელი გენერლის მკვლელობა დაადასტურა. პენტაგონში განაცხადეს, რომ აღნიშნული ზომა ირანის სამომავლო თავდასხმების პრევენციისთვის მიიღეს.

გენერალი ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალურ დანაყოფს, „ქუდის ძალებს“ და ირანის რეგიონულ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.