დონალდ ტრამპი – „მშვიდობის საბჭომ“ ღაზაში „ჰამასისა“ და სხვა შეიარაღებული ჯგუფების სრულ განიარაღებაზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, ღაზა პალესტინის ახალი მთავრობის ხელში გადავა, ისრაელს ექნება უსაფრთხოება
დღეს „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული ჯგუფის სრულ განიარაღებაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად.
„ეს მონუმენტური ნაბიჯია ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც პალესტინელი ხალხის დასახმარებლად „მშვიდობის საბჭოსთან“ მჭიდროდ ითანამშრომლებს. ამავე დროს, ისრაელს ექნება უსაფრთხოება, რომელსაც იმსახურებს, რადგან ღაზა აღარ იქნება ტერორისტული თავდასხმების ბაზა“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის“ განხორციელებაში.
„შეთანხმება შესრულდება ფრთხილად დაგეგმილი ეტაპების მიხედვით. განიარაღების დასრულებასთან ერთად, ისრაელის ძალები ღაზიდან გამოვლენ, ხოლო საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები პალესტინის ახალ პოლიციასთან ერთად აიღებენ პასუხისმგებლობას, რომ ღაზა უსაფრთხო იყოს, როგორც თავისი მოსახლეობისთვის, ისე მეზობლებისთვის. ერთი წლის წინ აქ მძვინვარებდა სასტიკი ომი, იყო ჰუმანიტარული კრიზისი და მძევლები სასტიკ ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ჩვენ ისტორიულ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“, – აღნიშნავს ტრამპი.
ტრამპი მადლობას უხდის შუამავალ ქვეყნებს – ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შუამავლებს – ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს – მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომელთა დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა. 7 ოქტომბერს ღაზიდან მომდინარე საფრთხეს აღარასდროს მიეცემა აღდგენის შესაძლებლობა. ამ შეთანხმების საფუძველზე, ღაზა საბოლოოდ გადავა პალესტინის ახალი მთავრობის ხელში, რომელიც საკუთარ ხალხს მოემსახურება. ვულოცავ ყველას ამ საოცარ მიღწევას, რომლის განხორციელებაც, როგორც ყველა ამბობდა, შეუძლებელი იყო“, – წერს ტრამპი.