დონალდ ტრამპი – ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია
ირანი დიდ ტვირთს წარმოადგენდა ერაყისთვის, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთის მოძალადეები იყვნენ, მაგრამ ერაყელებს ეს პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან ირანი ძალიან დესტაბილიზებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ფალიჰ კადიმ ალ-ზაიდთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ირანს ოთხი თვის წინანდელ პერიოდთან შედარებით დღეს სამხედრო ძალის მხოლოდ ნაწილი აქვს შენარჩუნებული.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რატომ გადაიფიქრა ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გემებისთვის 20%-იანი გადასახადის გაუქმება, ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ გადასახადის ნაცვლად მზად არიან, აშშ-ში ინვესტიციები განახორციელონ.
„მე დამიკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები — მეფეები, ემირები და სხვა ხელმძღვანელები, რომლებსაც ყველანი კარგად ვიცნობთ. ისინი მართლაც ძალიან ძლიერი პარტნიორები არიან. მათ მითხრეს, ჩვენ გვირჩევნია სხვაგვარად მოვიქცეთ. გვსურს, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩავდოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გავაგრძელოთ რეკორდული მოცულობის ინვესტიციები. ეს იდეა მომეწონა, რადგან მიმაჩნია, რომ არავის უნდა ჰქონდეს უფლება, გადასახადი დააწესოს სრუტით სარგებლობაზე ან მსგავსი ტიპის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებზე მსოფლიოს რომელიმე ნაწილში“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გამოყენების სანაცვლოდ 20%-იანი გადასახადის დაწესებაზე უარს ამბობს. მისივე თქმით, გადასახადი სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით ჩანაცვლდება, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დადებს.