დონალდ ტრამპი – ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა გემისთვის, გარდა ირანულისა, გადავწყვიტე, 20%-იანი საფასური სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან საინვესტიციო გარიგებებით ჩავანაცვლო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის გამოყენების სანაცვლოდ 20%-იანი გადასახადის დაწესებაზე უარს იტყვის.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვიტა, 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით, რომლებსაც შეერთებული შტატები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან დადებს.
მისივე თქმით, ეს ინვესტიციები „მასობრივი“იქნება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მომავლისთვის კარგი შედეგის მომტანი აღმოჩნდება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა ქვეყნის გემი შეძლებს გავლას, გარდა ირანულისა.
„ნავთობი ისე მოედინება, როგორც არასდროს, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების საოცარი ძალის წყალობით. განსაკუთრებული პატივისცემა ომის მდივანს, პიტ ჰეგსეტს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს, დენ კეინს და შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაურს, ადმირალ ბრედ კუპერს. მათი და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების ყველა წევრის წყალობით, ჰორმუზის სრუტე ღიაა ყველა გემისთვის, გარდა ირანისა – და ეს მათი მატყუარა, ძალადობრივი, ბოროტი ხელმძღვანელობის დამსახურებაა, რომელიც მათ სრული განადგურების გზაზე აყენებს. ამიტომ, ჩვენ გვექნება სრული ბლოკადა, მაგრამ მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც ირანის პორტებში შემოდიან და იქიდან გამოდიან, ან ირანულ ტვირთთან დაკავშირებულ რამეს გადაიტანენ. ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელობასთან უაღრესად პროდუქტიული საუბრების საფუძველზე, გადავწყვიტე, შეერთებული შტატების 20%-იანი ანაზღაურების საფასური ჩავანაცვლო სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით, რომლებსაც სპარსეთის ყურის სხვადასხვა სახელმწიფოები შეერთებულ შტატებში ჩადებენ“, – განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, აღნიშნული ინვესტიციები შტატების ეკონომიკას მნიშვნელოვნად გაზრდის, გაიხსნება ახალი ქარხნები და სულ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ დაუშვებს, თეირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ეს ინვესტიციები იქნება მასობრივი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგი მათთვის და მათი მომავლისთვის. როგორც ყველამ იცის, ისტორიაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, შეერთებულ შტატებში დოლარის ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა ახალი ინვესტიციები ამ რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენ ვიხილავთ, როგორ შემოვა ქარხნები, საწარმოები და აღჭურვილობა შეერთებულ შტატებში ისტორიულ დონემდე, რაც დამატებით მილიონობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის. ამერიკა კვლავ იმარჯვებს, იმარჯვებს ისე, როგორც არასდროს. ირანის მიერ ასობით ათასი ადამიანის, მათ შორის 52 000 მომიტინგის, მკვლელობის დღეები დასრულდა, რაც მთავარია, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა ტვირთზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გაივლიდა, 20%-იანი გადასახადი უნდა დაწესებულიყო, რათა ამერიკას სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები აენაზღაურებინა. ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა. როგორც აღინიშნა, მსგავსი გადასახადი საერთაშორისო საზღვაო სამართალს ეწინააღმდეგება და გლობალურ ვაჭრობასა და ენერგომატარებლების ფასებზე უარყოფითად იმოქმედებდა.