დონალდ ტრამპი – „გუგლი“ ერთი მილიარდით განმარტების გარეშე დააჯარიმეს, აშშ ევროპისთვის „ფულის ყულაბა“ არ არის და არც გახდება, ევროკავშირი ამ საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირის მიერ „გუგლისთვის“ დაკისრებულ ერთ მილიარდდოლარიან ჯარიმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ტრამპის თქმით, ევროკავშირი კვლავ დიდ ამერიკულ კომპანიებს ესხმის თავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გაიხსენა, რომ მანამდე apple-ი, meta და amazon-ი დაჯარიმდნენ.
„მას შემდეგ, რაც Apple-ი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ 15 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს, Meta – 3 მილიარდით, Amazon – 2.5 მილიარდით და მრავალი სხვა, ახლახან შევიტყვეთ, რომ Google-იც, ნამდვილად მოწინავე და საოცარი კომპანია, კიდევ ერთხელ, ახსნის გარეშე, ერთი მილიარდი დოლარით დააჯარიმეს. ამით „გუგლის“ ჯამურმა ჯარიმამ 18 მილიარდ დოლარს გადააჭარბა!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „უკანონო და დისკრიმინაციული პრაქტიკა“ ჯერ კიდევ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო.
„ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს აღარ გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატები ევროპისთვის „ფულის ყულაბა“ არ არის და არც გახდება!“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპი განმარტავს, რომ დაუყოვნებლივ იწყებს ე.წ. 301-ე მუხლით გამოძიებას ამერიკული კომპანიების მიმართ ევროკავშირის პრაქტიკის შესასწავლად.
„ევროკავშირი ამ უკანონო და უკიდურესად არაეთიკური საქციელისთვის ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის, რაზეც მე მუდმივად ვაფრთხილებდი მათ. ეს ჯარიმები მთლიანად გაუქმდება და, ჩვენი ვარაუდით, უახლოეს დროში მათზე მნიშვნელოვანი ტარიფი დაწესდება“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, ევროკომისიამ „გუგლს“ ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) მოთხოვნების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროს (დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.