ციფრული ბაზრების შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის ევროკომისიამ „გუგლს“ ერთი მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა
ევროკომისიამ „გუგლს“ ციფრული ბაზრების შესახებ კანონის (DMA) მოთხოვნების დარღვევისთვის 890 მილიონი ევროს (დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ევროკომისიამ დაადგინა, რომ „გუგლი“ საკუთარ საძიებო სისტემაში უპირატესობას საკუთარ სერვისებს ანიჭებდა, ხოლო Google Play-ს აპლიკაციების მაღაზიაში აპლიკაციების დეველოპერებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებდა.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, „გუგლს“ 460 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა იმის გამო, რომ კომპანია საკუთარი სერვისების, მათ შორის ონლაინვაჭრობის, სასტუმროების, ტრანსპორტისა და სპორტის მიმართულებების პოპულარიზაციას ახდენდა და საძიებო შედეგებში მათ კონკურენტი კომპანიების ანალოგიურ სერვისებზე მაღლა აყენებდა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, „გუგლი“ საკუთარ სერვისებს ყველაზე თვალსაჩინო პოზიციებზე ათავსებდა და იყენებდა გაუმჯობესებულ ვიზუალურ ელემენტებსა და ფილტრებს, მაშინ როდესაც კონკურენტულ სერვისებს მსგავსი პირობები არ ჰქონდათ.
მეორე ჯარიმა (430 მილიონი ევროს ოდენობით) Google Play-ს საქმიანობას ეხება. კომისიამ დაადგინა, რომ „გუგლი“ აპლიკაციების დეველოპერებს უზღუდავდა შესაძლებლობას, მომხმარებლებისთვის თავისუფლად მიეწოდებინათ ინფორმაცია ციფრული პროდუქტებისა და მომსახურების შეძენის ალტერნატიული, ხშირად უფრო იაფი გზების შესახებ.
გარდა ამისა, ევროკომისიამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევებში „გუგლის“ მიერ დაწესებული საკომისიოების ოდენობა და მათი გამოყენების ვადები არ შეესაბამებოდა ციფრული ბაზრების შესახებ კანონის მოთხოვნებს.
ევროკომისიამ „გუგლს“ დარღვევების აღმოფხვრა დაავალა. კერძოდ, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მესამე მხარის სერვისების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობა საძიებო სისტემაში. ასევე, აპლიკაციების დეველოპერებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად გაავრცელონ საკუთარი შეთავაზებები და მომხმარებლებთან შეთანხმებები გააფორმონ როგორც Google Play-ს ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„გუგლს“ ევროკომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად 60-დღიანი ვადა მიეცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას, შესაძლოა, დაეკისროს დამატებითი ჯარიმები, რომელთა ოდენობამ, შეიძლება, კომპანიის წლიური ბრუნვის 5%-ს მიაღწიოს.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, რათა უზრუნველყონ ციფრული ბაზრების შესახებ კანონის მოთხოვნების შესრულება.