დონალდ ტრამპი - ბრაზილიის პრეზიდენტთან განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის ვაჭრობა, კერძოდ, ტარიფები, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა
დონალდ ტრამპი - ბრაზილიის პრეზიდენტთან განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის ვაჭრობა, კერძოდ, ტარიფები, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის ტარიფები.

„ახლახან დავასრულე შეხვედრა ბრაზილიის ძალიან დინამიკურ პრეზიდენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან. ჩვენ განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის ვაჭრობა, კერძოდ, ტარიფები. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. საჭიროების შემთხვევაში მომდევნო თვეებში დამატებითი შეხვედრები დაიგეგმება“, – წერს ტრამპი.

თავის მხრივ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრით კმაყოფილია.

„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ბრაზილიისთვის და აშშ-ისთვისაც. მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი მივდივარ. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ბრაზილიასა და აშშ-ს შორის დემოკრატიული, ისტორიული ურთიერთობების გასამყარებლად. მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ ბრაზილიასა და აშშ-ს შორის კარგი ურთიერთობა მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირებაა, რომ კონტინენტზე ორი უდიდესი დემოკრატია, შეიძლება, ეფექტურად იყოს მსოფლიოსთვის მაგალითი“, – განაცხადა ლულა და სილვამ.

ამასთან, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანში ომი „მეტ ზიანს“ გამოიწვევს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს.

„ვფიქრობ, ირანში შეჭრა უფრო მეტ ზიანს გამოიწვევს, ვიდრე მას ჰგონია. თუმცა ტრამპი ჩემთან სამსაათიანი შეხვედრის გამო არ შეცვლის თავის ქცევას“, – განაცხადა ლულა და სილვამ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი „ფიქრობს, რომ ირანში ომი დასრულდა“.

ამასთან, ლულა და სილვას თქმით, მან აშშ-ის პრეზიდენტს ნებისმიერ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში შუამავლობა და კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა.