დონალდ ტრამპი – აშშ-მა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებმაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში აშკარა პროგრესი ვერ აჩვენეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელა იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, რომლებმაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი ვალდებულებების შესრულებაში აშკარა პროგრესი ვერ აჩვენეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ვენესუელისთვის ეს ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად მოხდა.
ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებისა და ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ მადუროს ყოფილი მოადგილის, დელსი როდრიგესის ხელმძღვანელობით მოქმედ დროებით მთავრობასთან თანამშრომლობა შედეგს იძლევა.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეზობელი კოლუმბიისთვის აღნიშნული სტატუსის მოხსნაც განიხილოს.
„ვენესუელა აღარ უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოდ, რომელმაც აშკარად ვერ შეასრულა ნარკოტიკების კონტროლთან დაკავშირებული ვალდებულებები. ველოდები, რომ დროებითი მთავრობა გააგრძელებს ნარკოტერორისტული ჯგუფების დაშლასა და ვენესუელის გავლით ნარკოტიკებით ვაჭრობის შეჩერებაში ხელშესახები და გაზომვადი პროგრესის მიღწევას. თუ, როგორც მოსალოდნელია, კოლუმბია მომდევნო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს კოკას (მცენარე, რომლის ფოთლებისგან კოკაინის დასამზადებელი ნედლეული მიიღება) კულტურის აქტიურ აღმოფხვრასა და ნარკოტერორისტული ქსელების დაშლაში, განვიხილავ ქვეყნისთვის „აშკარად წარუმატებლის“ სტატუსის მოხსნას“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ვენესუელა აღნიშნულ სიაში 2005 წლიდან იმყოფებოდა.