დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, 16 მაისს სტამბოლში ჩავიდეს, თუ დღევანდელი მოლაპარაკებები პროგრესს მიაღწევს
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს, 16 მაისს სტამბოლში ჩავიდეს, თუ დღევანდელი მოლაპარაკებები პროგრესს მიაღწევს

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დღეს თუ პროგრესს მიაღწევს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 16 მაისს, შესაძლოა, სტამბოლში ჩავიდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კატარში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შეუძლიათ, „რაღაც გააკეთონ“, რადგან ომი „უნდა შეწყდეს“.

„ჩვენ გვსურს ომის დასრულება და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების შანსი გვაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„სიენენმა“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტამბოლში უკვე ჩავიდა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.