დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სტივ უიტკოფის მიერ ვლადიმერ პუტინის ჰუმანისტად მოხსენიებასთან დაკავშირებით არც დადებითს და არც უარყოფითს იტყვის

01:23, 22.10.2026

ამაზე არაფერს ვიტყვი, არც დადებითს და არც უარყოფითს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი სპეციალური  წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჰუმანისტად მოხსენიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

ტრამპის თქმით, აშშ ახლა რუსეთთან უკრაინის ომის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ სურს, ეს პროცესი რამემ დააზიანოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, კმაყოფილია, რადგან რუსეთი ირანის კონფლიქტში არ ჩარეულა. მისივე თქმით, ჩინეთიც ძალიან მცირედით იღებდა მონაწილეობას.

„ორივეს შეეძლო გაცილებით მეტი ჩართულობა. ორივეს სურს, რომ ომი დასრულდეს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ რუსეთთან და ჩინეთიც ჩართულია“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ მას უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმას სთხოვდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკის მოქალაქე ახლა რუსეთის ციხიდან ვერ გამოვიდოდა.

ცნობისთვის, სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს ჰუმანისტი სანკტ-პეტერბურგში შეხვედრისას უწოდა. „თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ ჩემი პრეზიდენტი, პრეზიდენტი ტრამპი ჰუმანისტია. თქვენც ჰუმანისტი ხართ, ბატონო პრეზიდენტო, და ამისთვის სათანადო პატივს მოგაგებთ. გამოვხატავ თქვენდამი პატივისცემას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.

აღსანიშნია, რომ უიტკოფმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც რუსეთმა პატიმრობიდან ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდი გაათავისუფლა, რომელიც რუსეთში უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული.

მსგავსი