დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება ვლადიმერ პუტინს პირადად თხოვა და აშშ-ს ამისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გასულ კვირას, სატელეფონო საუბრისას, პირადად სთხოვა.
ტრამპის განცხადებით, ჰაბარდი, რომელიც რუსეთმა ოთხი წლის წინ, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს დააკავა, სამშობლოში ბრუნდება და მალე ოჯახს შეხვდება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჰაბარდის გათავისუფლების სანაცვლოდ ვაშინგტონს მოსკოვისთვის არაფრის დათმობა არ დასჭირვებია და ეს რუსეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლება გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ კრემლთან მოლაპარაკებებში შედეგს ვერ მიაღწია.
„სტივენ ჰაბარდი, რომელიც რუსეთმა ოთხი წლის წინ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დააკავა, ახლახან პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით. პრეზიდენტ ტრამპის მიმართ პატივისცემის გამო, შეერთებულ შტატებს სანაცვლოდ არაფრის დათმობა არ დასჭირვებია. რუსეთისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. გათავისუფლებისთვის არანაირი „გაცვლა“ არ ყოფილა საჭირო. სტივენის დაბრუნება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომელმაც კრემლთან მოლაპარაკებებში ვერაფერს მიაღწია.
სტივენი სამშობლოში ბრუნდება. კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, სტივენ, მოხარული ვარ, რომ დაბრუნდი. ბევრმა ადამიანმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდნენ, დამირეკეს და ბოდიში მომიხადეს. მათ არ იცოდნენ, რომ სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებაზე ვმართავდი მოლაპარაკებებს. ეს შეერთებული შტატებისთვის მართლაც დიდი და მნიშვნელოვანი საქმეა. სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სრულად და საბოლოოდ შეწყდებოდა. ბაიდენს ჰაბარდი დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინა! აი, რა დიდი განსხვავებაა პრეზიდენტებს შორის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 74 წლის სტივენ ჰაბარდი 2024 წლიდან რუსეთის კოლონიაში 7-წლიან სასჯელს იხდიდა. ჰაბარდი უკრაინის მხარეს იბრძოდა. პროკურატურის ცნობით, ის უკრაინის ქალაქ იზიუმთან აიყვანეს.