დოლიძის 21-წლიანი კარიერის სათასო რეკორდი - ფინალში 10-ჯერ ითამაშა, პირველად 15 წლის წინ მოიგო #1TVSPORT
დოლიძის 21-წლიანი კარიერის სათასო რეკორდი - ფინალში 10-ჯერ ითამაშა, პირველად 15 წლის წინ მოიგო #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ დავით ყიფიანის საქართველოს სახელობის თასის ფინალში „საბურთალოს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა. 8 დეკემბერს ამ გუნდის მოთამაშემ საქართველოს თასის 32-წლიან ისტორიაში ახალი რეკორდი დააფიქსირა – „სამგურალის“ 39 წლის ნახევარმცველმა გრიგოლ დოლიძემ საქართველოს თასის ფინალში მეათედ ითამაშა. დოლიძე საქართველოს თასის მფლობელი ოთხჯერ გახდა.

1982 წლის 25 ოქტომბერს ლანჩხუთში დაბადებულმა ფეხბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა. 39 წლის ფლანგის შემტევმა პროფესიული კარიერა 21 წლის წინ მშობლიური ქალაქის გუნდში, „გურიაში“ დაიწყო, სადაც 2000-2001 წლებში თამაშობდა.

ამ 21 წლის განმავლობაში დოლიძეს 15 გუნდში უთამაშია. მან „გურიას“ შემდეგ ითამაშა ოზურგეთის „მერცხალში“, თბილისის „სპარტაკში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „ამერში“, „დინამო თბილისში“, რუსთავის „მეტალურგში“, „ზუგდიდში“, ორჯერ გააფორმა კონტრაქტი ქუთაისის „ტორპედოსთან“, მის კარიერაში იყო მშვენიერი პერიოდი გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, „სამტრედიაში“, ქობულეთის „შუქურაში“, ხოლო წყალტუბოს „სამგურალში“ 2020 წლიდან თამაშობდა. დოლიძე ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო უცხოეთში – 2008-2009 წლებში აზერბაიჯანული „სიმურგის“ ფეხბურთელი გახლდათ.

პირველად ფინალი დოლიძემ 15 წლის წინ, 2006 წელს ითამაშა, როდესაც „ამერში“ გამოდიოდა. თბილისური გუნდი „ზესტაფონს“ შეხვდა და ძირითად დროში დაფიქსირებული 2:2-ს შემდეგ „ამერმა“ პენალტების სერიაში 4:3 მოიგო. შემდეგი ორი ფინალიც (2007, 2008) „ამერში“ ჩაატარა და საქართველოს თასს სულ 2-ჯერ დაეუფლა. ასევე ითამაშა „დინამოს“, „სამტრედიას“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სამგურალის“ ფორმებით. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ მხოლოდ 2019 წლის ფინალი გამოტოვა, ყველა დანარჩენი ითამაშა.

2005–06

ამერი – ზესტაფონი 2:2 (პენ. 4:3)

2006–07

ამერი – ზესტაფონი 1:0

2007–08

ზესტაფონი – ამერი 2:1

2008–09

დინამო თბილისი – რუსთავი 1:1 (პენ. 2:0)

2014–15

დინამო თბილისი – სამტრედია 5:0

2016

ტორპედო – მარტვილის მერანი 2:1

2017

ჩიხურა – ტორპედო 0:0 (პენ. 4:3)

2018

ტორპედო – გაგრა 2:2 (პენ. 4:2)

2020

გაგრა – წყალტუბოს სამგურალი 0:0 (პენ. 5:3)

2021

საბურთალო – წყალტუბოს სამგურალი 1:0