დოლიძე „ტორპედოში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს
დოლიძე „ტორპედოში“ კიდევ ერთი წელი ითამაშებს

გრიგოლ დოლიძე მომდევნო სეზონშიც ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

დოლიძემ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და „ტორპედოს“ ღირსებას 2019 წლის ბოლომდე დაიცავს.

გრიგოლ დოლიძე 36 წლისაა და კარიერა 18 წლის წინ ლანჩხუთის „გურიაში“ დაიწყო. უთამაშია ოზურგეთის „მერცხალში“, თბილისის „სპარტაკში“, ბოლნისის „სიონში“, თბილისის „ამერში“, აზერბაიჯანულ „სიმურგში“, თბილისის „დინამოში“, რუსთავის „მეტალურგში“, „ზუგდიდში“, გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, „სამტრედიაში“, ქობულეთის „შუქურაში“.

დოლიძე პირველად ქუთაისის „ტორპედოში“ 2011-2013 წლებში გამოდიოდა, მეორედ კი 2016 წელს ჩაირიცხა. გამოცდილი ფლანგის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრების წევრიც იყო და „ჯვაროსნების“ ფორმით სამი მატჩი ჩაატარა.

დოლიძე „ტორპედოს“ მეორე მოთამაშეა, რომელმაც გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. პირველად გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება თორნიკე კაპანაძემ მიიღო.