ექიმის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ პირველ არხს ღუდუშაურის სახელობის კლინიკის ექიმმა, ნიკა ქარსივაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზეა.

„საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ არის. რაიმე გართულებას ან ახალ პრობლემას ადგილი არ ჰქონია. გრძელდება შეფასება და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება. დაცვა გაძლიერებულია. შესაბამისი პირები იცავენ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ექიმმა ნიკა ქარსივაძემ.

ექიმის ინფორმაციით, გუგეშაშვილს გულ-მკერდის მარცხენა არეში ცეცხლსასროლი იარაღით გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.