დოდო გუგეშაშვილის ​მეგობრის ინფორმაციით, გუგეშაშვილი პალატაში შესაძლოა, დღეს გადაიყვანონ
დოდო გუგეშაშვილის ​მეგობრის ინფორმაციით, გუგეშაშვილი პალატაში შესაძლოა, დღეს გადაიყვანონ

დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა, ალექსანდრე სუხაშვილმა განუცხადა, რომელიც ღუდუშაურის საავადმყოფოსთან იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, გუგეშაშვილი პალატაში დღეს გადაიყვანონ.

„დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. როდის გადაიყვანენ პალატაში, ამ ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ. როგორც ექიმები გადმოგვცემენ, ქალბატონი დოდო კონტაქტურია, მაგრამ ვცდილობთ, არ შევაწუხოთ. ჩვენ მისი ნახვა არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, რომ არ დავტვირთოთ, რადგან იქნება კითხვები და ჯერ ეს ყველაფერი საჭირო არ არის“, – განაცხადა ალექსანდრე სუხაშვილმა.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.