დმიტრო კულება - უკრაინა გააგრძელებს დასავლურ ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად
დმიტრო კულება - უკრაინა გააგრძელებს დასავლურ ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად

უკრაინა გააგრძელებს დასავლურ ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დაწერა.

„არაფერი ხდება მარტივად. ბევრი რთული მოლაპარაკება, კომბინაცია. არის ცალკეული პარტნიორების მცდელობა, შემოიფარგლონ ნახევარი გადაწყვეტილებებით (ახალ სანქციებთან დაკავშირებით). ზოგიერთი ცდილობს, დროს ეთამაშოს. თუმცა ჩვენ არ ვანელებთ სვლას. ზოგჯერ პარტნიორები პრეზიდენტს, მე, ყველა ჩვენგანს სიხისტეში გვადანაშაულებენ. დიახ, ჩვენ ხისტები ვართ, ზოგჯერ უმოწყალოები, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ცდილობს, ცოტა მოგვატყუოს“, – წერს კულება.

დმიტრო კულებას აზრით, უკრაინისთვის მიწოდებული ყოველი იარაღი, რუსეთისთვის დაწესებული ყოველი სანქცია არის უკრაინისთვის გამარჯვების დაახლოება და გადარჩენილი სიცოცხლე.

„ჩვენ ასეთები ვართ, რადგან ყოველი იარაღი, ყოველი სანქცია, ყოველი კომპანია, რომელიც რუსეთიდან გადის, არის გამარჯვების მოახლოება, არის გადარჩენილი სიცოცხლე, ბავშვობა შიშის გარეშე, არდანგრეული სახლი, საავადმყოფო, სკოლა. უკრაინა ატრიალებს ისტორიის ბორბალს და პარტნიორები გვეხმარებიან“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.