დმიტრო კულება - მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძლიერ რეზოლუციას, მოვუწოდებ ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, დაეყრდნონ მას და ჩაატარონ ეროვნული კენჭისყრა
დმიტრო კულება - მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ძლიერ რეზოლუციას, მოვუწოდებ ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, დაეყრდნონ მას და ჩაატარონ ეროვნული კენჭისყრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიესალმება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

უკრაინელი დიპლომატი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მოუწოდებს, მიღებულ რეზოლუციაზე დაყრდნობით გამართონ კენჭისყრა აღნიშნულ საკითხზე.

„მივესალმები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ ძლიერ რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას და რუსეთს ტერორისტულ რეჟიმად აცხადებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გზას უხსნის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილებებს. მოვუწოდებ მათ, დაეყრდნონ ამ რეზოლუციას და ჩაატარონ ეროვნული კენჭისყრა“, – წერს დმიტრო კულება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი სახელმწიფო ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. რეზოლუციის სახელწოდებაა „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მორიგი ესკალაცია“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა დაიგმოს რუსეთის აგრესია, როგორც დანაშაული, საერთშორისო სამართლის დარღვევა და მთავარი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან, ასევე, ასაბლეის წევრები მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან და მოლდოვიდან.