დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისადმი დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა და მას წარმატების შანსი არ აქვს
დმიტრო კულება აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისადმი დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა და მას წარმატების შანსი არ აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინაშე დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა და მას წარმატების შანსი არ აქვს.

„ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია დათმობებზე წასვლა, ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. ეს სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ გამოიყენებოდა 2014 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე. დათმეთ აქ, წადით დათმობებზე აი, აქ, ეს დაგეხმარებათ ომის თავიდან აცილებაში. ამან წარუმატებლობა განიცადა. ეს რვაწლიანი სტრატეგია გადაიქცა რაკეტებად, რომლებითაც კიევზე დარტყმები ხორციელდება, დონბასში სისხლისღვრად“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიტიკოსებს თუ ნამდვილად სურთ ომის შეჩერება, მათ მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას და დაეხმარონ გამარჯვებაში.

„მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჭირთ თავიანთი პოლიტიკის შეცდომისა და მისი წარუმატებლობის აღიარება, თუმცა ჩემი შეტყობინება შემდეგია: ის ჩავარდა ერთხელ, ის კვლავ ჩავარდება და არ შეაჩერებს ომს“, – აღნიშნა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ისტორიაში არის შემთხვევები, როდესაც ამგვარი ტიპის სტრატეგიის ადგილი არ არის.

„ვერ წარმოვიდგენდი სამ მოკავშირეს – საბჭოთა კავშირს, აშშ-სა და ბრიტანეთს, რომლებიც 1942-1943 წლებში ხვდებიან ერთმანეთს და ამბობენ: შეხედეთ, ფრონტზე სიტუაცია ძალიან მძიმეა, ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ ჰიტლერს და შევთავაზოთ მას შეთანხმება. შესაძლოა, ჩვენ რამდენიმე დათმობაზე უნდა წავიდეთ მის შესაჩერებლად. ჩვენ გონივრულად უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა კულებამ.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. მისი თქმით, უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები, ვიდრე არ შექმნილა რყევები და დაძაბულობა, რომელიც ადვილად არ დაიძლევა. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ „უკრაინელები ნაჩვენებ გმირობას სიბრძნეს გაუტოლებენ“.

დატოვე კომენტარი