დმანისის ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
დმანისის ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დმანისის ინციდენტში მონაწილე დავით დაუთაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

როგორც დაკავებულის მამა მიხეილ დაუთაშვილი აცხადებს, მისი შვილის მდგომარეობა იქ ყველამ იცოდა.

„არ ვიცოდი, იმ დროს ჩემი შვილი თუ იქ იყო. მე დამარტყეს და დავეცი, ერთი ის მახსოვს, რომ ადგომას ვაპირებდი, როგორმე უნდა ავდგე თორემ გადამივლიან მეთქი. თურმე დახლოებით ხუთ მეტრში იყო ჩემი შვილი ფსიქიკურად აშლილი, არაადეკვატური და მოხდა ის, რაც მოხდა. ჯანმრთელი რომ ყოფილიყო მოიქცეოდ ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი მოვიქეცით იქ. ზუსტად ეგ ჭირდებოდათ მაგათ, იცოდნენ ჩემი შვილის მდგომარეობა“, – განაცხადა მიხეილ დაუთაშვილმა.

ამასთან, როგორც დმანისში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პროცესში ასეთი ინციდენტები არ უნდა ხდებოდეს და მასზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„არ ვიცი, ოჯახი რაზე საუბრობს, ფაქტია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესში და დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, ამის პრევენციის გარანტორი უნდა იყოს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სახელწიფოს მართავს „ქართული ოცნება“, შესაბამისად, პასუხისმგებლობა სრულად მათ ეკისრებათ. სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული, არ უნდა ხდებოდეს ისეთი ქმედებები, როგორიც მოხდა განთიადში“, – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი გია მაჩიტაძე აცხადებს, მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია რომ საქმეში არ იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

„არ არსებობდა საქმეში დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დაჭრილ ორ პირს აქვს სხეულის მძიმე დაზიანება, რაც ბრალად აქვს წაყენებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. მის ხელთ არსებული დანით რომ მოხდა დაჭრა, ბრალდებული აღიარებს, მაგრამ აქ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკური მოტივი. როდესაც დანაშაულს ჩადიოდა მას ამოძრავებდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, მამა, რომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. დავარდნილი იყო ძირს და სცემდა რამდენიმე პიროვნება. მის დასახმარებლად წავიდა და აქ მოხდა ის, რაც მოხდა. დასადგენია, როგორი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაშინ, როდესაც ის ამ დანაშაულს ჩადიოდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი წელი არ იყო, რომ არ გაევლო მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. იზოლატორშიც სპეციალურ კამერაში იყო მოთავსებული და 24-საათიანი ზედამხედველობა ჰქონდა. გუშინ მან სცადა თვითდაზიანებების მიყენება და რომ არა თანამშრომლები, ალბათ მიიყენებდა. საქმე გვაქვს ასეთ პიროვნებასთან, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. ბრალდების მხარემ უკვე დანიშნა ექსპერტიზა, რამდენიმე დღეში ის გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში და ყველა იმ კითხვას გაეცემა პასუხი, დანაშაულის ჩადენის მომენტში როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

21 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს.

დატოვე კომენტარი