ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული - ტრანსპორტმა მიმტყუნა, მუხრუჭს ჰქონდა დაზიანება, მივდიოდი, რადგან თვალი მოვკარი ჩემს მოძღვარს, მინდოდა, მის მიმართ პატივისცემა გამომეხატა, ვყვიროდი, მივხვდი, ვეღარ ვაჩერებდი
ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული - ტრანსპორტმა მიმტყუნა, მუხრუჭს ჰქონდა დაზიანება, მივდიოდი, რადგან თვალი მოვკარი ჩემს მოძღვარს, მინდოდა, მის მიმართ პატივისცემა გამომეხატა, ვყვიროდი, მივხვდი, ვეღარ ვაჩერებდი

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული ზაზა ჭაავა აცხადებს, რომ მისი მიზანი მოპედით ჟურნალისტებზე დაჯახება არ ყოფილა.

ბრალდებულის თქმით, მუხრუჭმა უმტყუნა და მოპედს ვეღარ აჩერებდა.

„ჩვენთან ყოველთვის მოძღვრება იყო, ქრისტიანულად, კაცთმოყვარედ გვეცხოვრა და არა ძალადობას. რაც შეეხება იმ დღევანდელს, დევნილი ვარ და ბავშვი ვიყავი, აფხაზეთიდან რომ გადმოვყავდით, იმდენი სისხლისღვრა და მკვლელობა გვინახავს, მიუხედავად ამისა, ისე გაგვზარდეს მშობლებმა, რომ ძალადობა არ უნდა ყოფილიყო. მრცხვენია, რომ ჩემი სასამართლო ტარდება, რადგან ჩემს ჯიშში არავინაა ნასამართლევი. სირცხვილია, როცა ადამიანი სამართლდება, რადგან არაფერი არ უნდა დააშავო. ვთვლი, ვაჟკაცი ვარ, ოთხი შვილი მეზრდება და ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ გოგოები იყვნენ წესიერები და გაამრავლონ ქართველები. ბიჭებს ვასწავლი, რომ პატარაობიდანვე აუცილებლად ჯარი უნდა მოიხადონ, რომ ქვეყნის სადარაჯოზე იდგნენ.

რაც შეეხება ჟურნალისტებზე ძალადობას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მქონდა ადრე ინტერვიუ, შეგიძლიათ, ნახოთ, ხალხს მოვუწოდებდი, რომ თუ ვინმეს ხელი ან თითი არ აქვს, თქვენ უნდა იცხოვროთ და იამაყოთ, რომ ცოცხლები ხართ. ამიტომ ვარ დადებითად ჟურნალისტების მიმართ, ჩემს მეუღლესაც დამთავრებული აქვს ჟურნალსიტიკა და აქვს შეხება, მაგრამ ოთხი შვილის გამო დიასახლისობს. დედა მყავს ავადმყოფი და ყოველდღე წამლებს ვაწვდი, თიაქარი, შიდა ქალის წნევა აქვს. ორი წლის წინ მანქანამ დამარტყა, მიყურებთ, ხელი, მარცხენა ფეხი არ მაქვს.

რაც შეეხება მოპედს, სადაც შევვარდი ჟურნალისტებში, არ ყოფილა ის, რომ უნდა დავეჯახო. მეზობელს ვთხოვე მოპედი, რათა ბავშვისთვის საღამოს პური მიმეტანა. ტრანსპორტმა მიმტყუნა, ვინც მართავს, მიხვდება, რასაც ვამბობ. მოვცურდი, ვიდრე იქ მივიდოდი. მუხრუჭს ჰქონდა დაზიანება, ტორმუზის ტროსი იჭედებოდა, მაღალი გაზი უნდა მიმეცა, რომ წასულიყო მოტოციკლეტი. მივდიოდი იმისთვის, რომ თვალი მოვკარი ჩემს მოძღვარს და მინდოდა, მის მიმართ ჩემი პატივისცემა გამომეხატა. სადაც ჟურნალისტები იყვნენ, იქ მინდოდა ჩასვლა, თონე იყო. იქ გამექცა მოტოციკლეტი, გაზიც გაიჭედა.

ვყვიროდი და ვიგინებოდი, მივხვდი, ვეღარ ვაჩერებდი, გამეჭედა. პატრულმა დამიკავა და იქ შევვარდი, ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა, ისევ გაზი მივეცი, გადავწყვიტე, წრიულად დამეწვინა მოტოციკლეტი, რომ წავქცეულიყავი. თუ ვინმე თვლის, რომ ვიძალადე, მე ვაგებ პასუხს“, – განაცხადა ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა.