შსს-ს მიერ დაკავებულთა შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც ჟურნალისტებს ეჯახებოდა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, შსს-ს მიერ დღეს დაკავებულ სამ პირს შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სამი პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.