ჟურნალისტ ივან გოლუნოვს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი შინაპატიმრობა შეუფარდა
ნარკოტიკის გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რუს ჟურნალისტ ივან გოლუნოვს მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა შეუფარდა. 36 წლის გამომძიებელი ჟურნალისტი სასამართლო სხდომაზე საავადმყოფოდან მიიყვანეს, სადაც ის სავარაუდოდ ტვინის შერყევითა და ნეკნების მოტეხილობით მოხვდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულს სცემეს.
გოლუნოვი დანაშაულს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სასამართლო სხდომას 50-მდე ჟურნალისტი და დაკავებულის ნათესავები ესწრებოდნენ. ამას გარდა, გოლუნოვის მხარდამჭერები შეიკრიბნენ სასამართლოს შენობასთანაც.
ივან გოლუნოვი 6 ივნისს მოსკოვში დააკავეს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობაში წაუყენეს ბრალი, რაც, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მტკიცებით, ჟურნალისტს ნარკოტიკი ზურგჩანთაში ჰქონდა და ასევე ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩენილია მის ბინაში.
ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები გაიმართა მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ ბერლინსა და ლონდონში.
ივან გოლუნოვი რუსული ინტერნეტ-გამოცემა „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტია. „მედუზას“ რედაქციაში გოლუნოვის დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. ჟურნალისტი ძირითადად მოსკოვის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე წერდა.