„ტოტენჰემის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახალ პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.
„ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, მოუთმენლად ველოდები ახალ გამოწვევას. რას შემიძლია დაგპირდეთ? ვნებას, ნამდვილ ვნებას – როგორც ახალი სამუშაოს, ასევე ახალი კლუბის მიმართ. სწორედ ასე ვიქცეოდი მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში. და, რა თქმა უნდა მინდა, გავაკეთო ყველაფერი, რათა სიხარული მოვუტანო ყველას, ვისაც ეს კლუბი უყვარს.
დიდი პრივილეგიაა, როცა მწვრთნელი მიდის კლუბში და განიცდის სიხარულს შემადგენლობასთან დაკავშირებით. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. სიმართლე გითხრათ, უმეტეს შემთხვევაში, როცა ახალ კლუბში მიდიხარ, ყოველთვის ფიქრობ: „რაღაც-რაღაცეები მომწონს, მაგრამ ძალიან არა”. და მაშინვე იწყებ ფიქრს – რა გააკეთო ან რა შეცვალო იმისთვის, რომ შეუთავსო საკუთარი იდეები ხელთ არსებულ შემადგენლობას.
ამჯერად, სრულიად სხვა შემთხვევაა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი გავხდი. ეს ის სიტყვებია, რომელსაც ვამბობდი და ვიმეორებდი ბოლო სამი, ოთხი თუ ხუთი წელი, როცა ამ გუნდის მეტოქე ვიყავი. ყოველთვის ვლაპარაკობდი ამ კლუბის პოტენციალზე, მოთამაშეების ხარისხზე, ბრწყინვალე სამუშაოზე, რომელიც კლუბმა შეასრულა, რათა შეენარჩუნებინა ყველა კარგი ფეხბურთელი , რომლებზეც ევროპის ტოპკლუბები ნადირობდნენ.
ძალიან მომწონს ეს შემადგენლობა. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ სახელების დასახელებას, არ გამოვყოფ ცალკეულ პიროვნებებს, რადგან ეს სრულიად ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენას იმაზე, როგორი უნდა იყოს გუნდში ურთიერთობები, მაგრამ მე ძალიან მომწონს ამ შემადგენლობის ხარისხი.
არ არსებობს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც არ უყვარდეს კლუბში აღზრდილი ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენება და მათ განვითარებაში დახმარება. პრობლემა ისაა, რომ ხანდახან მუშაობ კლუბში, სადაც აკადემია არასაკმარისად კარგია იმისთვის, რომ მან ტალანტები გამოუშვას. მაგრამ, როცა ასეთი მოთამაშეები გყავთ, მწვრთნელები ყოველთვის მოხარულები არიან მათი განვითარებით. ვუყურებ გუნდის ისტორიას და ვხედავ, რომ ეს აკადემია მუდმივად უშვებს ტალანტებს პირველი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ასევე მოუთმენლად ველოდები მათთან მუშაობის შესაძლებლობას.
„ტოტენჰემის“წინააღმდეგ თამაში „უაიტ ჰართ ლეინზე“ ყოველთვის მძიმე იყო, მაგრამ შთამბეჭდავი. ეს ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ჩვეულებრივ, მაქსიმალურად მოტივირებული ვიყავი, და თან პატივისცემა მქონდა მეტოქის მიმართ. შევხვედრივარ „ტოტენჰემს“ თასების ფინალებში, ნახევარფინალებში, დიდ მატჩებში. სავარაუდოდ, გონებაში ყოველთვის მიტრიალებდა აზრი იმის შესახებ, რომ კლუბის მიმართ ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულიყო, რადგან ერთხელ შეიძლებოდა მე გავმხდარიყავი მისი ნაწილი!
ვფიქრობ, ადამიანები მოკრძალებულნი არიან, როცა ამბობენ, რომ კლუბის ახალი სტადიონი – ლამაზია. ეს საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში და ეს რეალობაა. საწვრთნელ კომპლექსს ბადალი არ ჰყავს. ეს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ზოგიერთ კომპლექსს ამერიკულ ფეხბურთში. და არ არსებობს მსგავსი ევროპულ ფეხბურთში ნებისმიერ დონეზე. ეს ეხება სტადიონსაც. სამუშაოს პირობები უბრალოდ ფანტასტიკურია“. – თქვა მოურინიომ.