ჟოზე მოურინიო არგენტინის ნაკრებიდან მესის წასვლას გამოეხმაურა – მისი კარიერის დასკვნითი წლებით დასატკბობად MLS-ის მატჩების ყურება მოგვიწევს #1TVSPORT

15:35, 03.09.2026

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლიონელ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, არგენტინელი ვარსკვლავის თამაში ყველას მოენატრება.

„მესიზე საუბარი ურთულესია, რადგან მასზე უკვე ყველაფერი ითქვა და მისი ნიჭის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. მსოფლიო ჩემპიონატზე ის 38 ან 39 წლის იყო და ყველამ ვნახეთ, თუ რა მაღალ დონეზე ითამაშა.

ლეო იმ ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა მოედანზე ხილვაც აუცილებლად მოგვენატრება. ალბათ მისი კარიერის დასკვნითი წლებით დასატკბობად MLS-ის მატჩების ყურება მოგვიწევს. არიან მოთამაშეები, რომელთა დანაკლისსაც მუდმივად განიცდი და ჩვენი თაობიდან მესი სწორედ ასეთია“, – აღნიშნა მოურინიომ.

ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 31 აგვისტოს გამოაცხადა.

მსგავსი