ჟოზე მოურინიო – არ შეიძლება „ოქროს ბურთის“ მიცემა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ოქროს ბურთის“ მინიჭების კრიტერიუმებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
„ეს ძალიან ლამაზი ინდივიდუალური ჯილდოა. შენ შედიხარ კონკრეტული მოთამაშის ინდივიდუალურ ისტორიაში. არსებობს ძალიან, ძალიან მაღალი დონის 10-12 ფეხბურთელი, რომელთაგანაც სამი ან ოთხი ახლა ჩვენთანაა.
ჩემი აზრით, „ოქროს ბურთი“ იმ მოთამაშეებს უნდა გადაეცეთ, რომლებიც ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამუდამოდ დაგვაკლდებიან და მოგვენატრებიან. მე მენატრება მარადონა, რონალდო, მესი, ზიდანი, მათეუსი… არ შეიძლება „ოქროს ბურთის“ მიცემა უბრალოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ჩემპიონთა ლიგა ან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თუ ჩემპიონთა ლიგის გამო გსურთ დაჯილდოება, მიეცით „ოქროს ბურთი“ ლუის ენრიკეს. თუ ესპანეთის ნაკრების წარმატებისთვის – დე ლა ფუენტე ნამდვილად იმსახურებს მას. ეს მათი დამსახურებების უდიდესი აღიარება იქნებოდა.
სხვა საქმეა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე, და აუცილებელი არ არის ის „პარი სენ-ჟერმენიდან“ იყოს ან ესპანეთის ნაკრებიდან. ასეთი მოთამაშე სულ ორი, სამი ან ოთხია, და ჩვენ მშვენივრად ვიცით, ვინ არიან ისინი. ვიცით, სადაც არიან – ისინი აქ არიან. ვიცით, ინდივიდუალურ დონეზე ვინ შექმნა ამ ზაფხულს ისტორია.
„ოქროს ბურთში“ ერევა პოლიტიკა და როცა ასე ხდება, ეს ძალიან არ მომწონს. თქვენ უკვე იცით ჩემი ხედვა „ოქროს ბურთზე“. გუნდური ტიტულებით თუ განვსჯით, ჯილდო ლუის ენრიკეს ან დე ლა ფუენტეს უნდა მიენიჭოს. მაგრამ საუკეთესო მოთამაშე – ეს სრულიად სხვა ადამიანია“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები As-ს.
„ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომელიც გასულ სეზონში ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.