ჟან-პატრიკ ვუაზა - მჯერა, მოლაპარაკების რეჟიმში შესაძლებელი იქნება, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მიზანშეწონილი გამოსავალი მოიძებნოს
ჟან-პატრიკ ვუაზა - მჯერა, მოლაპარაკების რეჟიმში შესაძლებელი იქნება, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მიზანშეწონილი გამოსავალი მოიძებნოს

მჯერა, მოლაპარაკების რეჟიმი მიზანშეწონილი გამოსავლის პოვნას შესაძლებელს გახდის,  – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ჟან-პატრიკ ვუაზამ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები  კონსორციუმში კონსტრუქციული მიდგომით ჩაერთნენ.

„როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები შევუერთდით ამ პროცესს, ჩვენ შემოვედით კეთილი ნებით აღჭურვილი და კონსტრუქციული მიდგომით გამსჭვალული, რომ აღვადგინოთ მოლაპარაკების პროცესი, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების სასიკეთოდ გადადგმა. მჯერა, რომ მოლაპარაკების რეჟიმი შესაძლებელს გახდის, მიზანშეწონილი გამოსავალი გამოინახოს და რეალურად შესაძლებელი გახდეს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ჩვენ არ შევუერთდებოდით ამ პროექტს, რომ არ გვჯეროდეს მისი მნიშვნელობის”, – განაცხადა ჟან-პატრიკ ვუაზამ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ  კონსორციუმი დღეს მთავრობისთვის არანაირი დოკუმენტის წარდგენას არ აპირებს.

დატოვე კომენტარი