ჟან-ნოელ ბარო თავშეკავებისკენ მოუწოდებს „უცხოელ მმართველებს, რომლებიც საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს საარჩევნო მიზნებისთვის ან მათ საზიანოდ იყენებენ“
იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარს აკეთებენ ან იყენებენ საფრანგეთში მომხდარ ბოლოდროინდელ მოვლენებს საარჩევნო მიზნებისთვის ან ჩვენს საზიანოდ, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება, პატივისცემა და სოლიდარობა. ეს ღირსების საკითხია და მათსავე ინტერესებში შედის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.
ჟან-ნოელ ბაროს განცხადების თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამისი ქვეყნების განკარგულებაშია, დაეხმაროს მათ ვითარების გარკვევაში, რათა თავიდან აიცილონ ყალბი ინფორმაციის გავრცელება თუ გაზიარება და სოციალურ ქსელებში უაზრობის ლაპარაკი“, – წერს ჟან-ნოელ ბარო.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე უცხოელმა ლიდერებმა „მიუღებელი და სულელური“ განცხადებები გააკეთეს, ზოგიერთი მათგანი კი პროცესების საარჩევნოდ გამოყენებას ცდილობს.