ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე უცხოელმა ლიდერებმა „მიუღებელი და სულელური“ განცხადებები გააკეთეს, ზოგიერთი მათგანი კი პროცესების საარჩევნოდ გამოყენებას ცდლობს

14:38, 21.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უცხოელი ლიდერების განცხადებები გააკრიტიკა და საფრანგეთში 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციების შემდეგ ინფორმაციის უცხოეთიდან მანიპულირების მცდელობები დაგმო.

„ჩემი აზრით, მომხდარ მოვლენებში უცხოური ჩარევის აშკარა ნიშნები არ არსებობს, თუმცა უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირების შედეგად არაერთმა ადამიანმა, მათ შორის უცხოელმა ლიდერებმა, მიუღებელი და სულელური განცხადებები გააკეთეს. ჩვენ ვნახეთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულებები, რომლებზეც ასახული იყო ისეთი სცენები, რომლებიც საფრანგეთში არასდროს მომხდარა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის დონალდ ტრამპს, ემანუელ მაკრონმა უპასუხა: „სხვებთან ერთად, დიახ. ასეთ მომენტებში ჩანს, ვის უყვარს საფრანგეთი და ვის – არა“.

კითხვაზე, უყვარს თუ არა დონალდ ტრამპს საფრანგეთი, მაკრონმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს იყენებს.

„როდესაც ვხედავ ლიდერებს, იქნება ეს ჩვენს რეგიონში თუ ატლანტის ოკეანის გაღმა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში არიან და ხშირად უბრალოდ დაუფიქრებლად იმეორებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ინფორმაციას ან ავრცელებენ იმას, რისი დაჯერებაც გარკვეულ წრეებს სურთ, ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს ხარჯზე აწარმოებენ კამპანიას. ჩვენ კი ეს არ გვჭირდება“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მომდევნო შაბათს ქალაქების ცენტრებში არეულობის მოწყობის მცდელობებს აღკვეთენ.

„გასულ შაბათს ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მიუღებელი ფაქტები მოხდა. მე გავეცანი მომხდარს, მოვითხოვე განმარტებები და სამოქმედო გეგმა განვსაზღვრე. მომდევნო შაბათს ქალაქების ცენტრებში არეულობის მოწყობის მსურველებს ამის შესაძლებლობა არ მიეცემათ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალადობას ვერაფერი გაამართლებს“, – აღნიშნა მაკრონმა დოჰაში ვიზიტის დროს.

ამასთან, მაკრონმა დააანონსა სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც შაბათ-კვირას მომხდარ მოვლენებს განიხილავენ.

მსგავსი