დიქსონის სამქულიანმა „ტიტებს“ „დინამოსთან“ გაამარჯვებინა
დიქსონის სამქულიანმა „ტიტებს“ „დინამოსთან“ გაამარჯვებინა

საკალათბურთო სუპერლიგის შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მე-5 ტურის გადადებულ მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ტიტები“ დაუპირისპირდნენ. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დინამოელებს პრინციპული მატჩი მოუგო. ბოლო პერიოდამდე ყველაფერი მუია ტაჩის გაწვრთნილი „დინამოს“ სასიკეთოდ მიდიოდა, თუმცა გამოცდილი მოთამაშეების ოსტატობის ხარჯზე „ტიტებმა“ საბოლოოდ საწადელი აისრულა – 101:94 იმარჯვა და ცხრილში მე-3 ადგილამდე აღზევდა.

დინამოელებს ჩავარდნა აქვთ. ტაჩის გუნდმა ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო. არადა, სუპერლიგა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა 3 გამარჯვებით დაიწყო. „ტიტებს“ სოლიდური დამხმარე გამოუჩნდა მაიკლ დიქსონის სახით, რომელმაც წინა, სადებიუტო მატჩის შემდეგ დიდებულად ითამაშა. მარკოიშვილის გუნდმა 3 დღის წინ თსუ-სთან წააგო, თუმცა „დინამოსთან“დიქსონი გაცილებით მობილიზებული, დაცვაზე ორიენტირებული და შესაბამისად, სარგებლიანი იყო. მისმა სამქულიანმა მატჩის მიწურულს საბოლოოდ გატეხა დინამოელები.

მარტო დიქსონი (საბოლოოდ 15 ქულა) ვერას გახდებოდა, რომ არა მისი თანაგუნდელების მოწადინება. განსაკუთრებით ტაილან ბირტსია გამოსარჩევი, რომელმაც „ტიტების“ 15-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ გუნდი ფაქტობრივად მარტომ დააბრუნა თამაშში. ამერიკელი უკანახაზელი სწრაფი გარღვევებით ქულებს უხვად იხვეჭდა და პერიოდულად, ტანმორჩილობის მიუხედავად, ცენტრის პოზიციაზეც საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა. საბოლოოდ მან 33 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა და დიქსონთან ერთად „ტიტების“ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ბოლო პერიოდის წინ „დინამო“ 7 ქულით იგებდა თუმცა „ტიტების“ აგრესიულ დაცვას და ელვისებურ შეტევებს ვერაფერი დაუპირისპირა და დასკვნითი ათწუთეული 22:36 დათმო.

ზემოთხსენებულ მოთამაშეებთან ერთად „ტიტებში“ 17-17 ქულით  დავით ლომიძე და ჯოტდონ თალი გამოირჩნენ. 10 ქულა ბრენდონ აუგბორნსმა მიითვალა. „დინამოში“ 39 ქულით საუკეთესო იყო ლუკა ბულაშვილი. 16 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი ტაილერ უილიამსმა მოაგროვა.

სუპერლიგის მომდევნო შეხვედრა 11 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ „ცხუმ-აფხაზეთი“ ჩავა.

gbf.ge