დიპლომატთა თასი იწყება #1TVSPORT

14:30, 09.04.2024

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში დაუპირისპირდებიან – ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში.

უკვე ჩატარდა ფეხბურთის ტურნირის კენჭისყრა. რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა. გამარჯვებისთვის იბრძოლებენ აზერბაიჯანის, სომხეთის, საბერძნეთის, კატარის, თურქეთის, პოლონეთის, ირანისა და ყაზახეთის საელჩოები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუნდებთან ერთად.

დიპლომატთა თასი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტია, რომელიც უკვე მეორედ ტარდება.

სტეფანოს ნიკოპულოსი, საქართველოში საბერძნეთის საელჩოს თავდაცვის ატაშე: „ასეთ ტურნირზე მონაწილეობის მიღების დროს ყოველთვის წარმატებაზე ფიქრობ. მართალია, აღარ გვყავს იგივე გუნდი, რომლითაც გასულ წელს გავიმარჯვეთ, მაგრამ გამარჯვების იმედი გვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სპორტში ჩართულობა და კოლეგებთან ერთად კარგი დროის გატარებაა“.

ქაზიმ ქარალი, საქართველოში თურქეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელი: „გასულ წელს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ტურნირში მონაწილეობა ვერ მივიღეთ. წელს კი დიდი სურვილი გვაქვს, შეჯიბრების ნაწილი ვიყოთ. ფეხბურთი გვაერთიანებს. შევხვდებით კოლეგებს არაფორმალურ გარემოში, რაც მნიშვნელოვანია. საქართველოს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, იქ ჩვენ ერთ ჯგუფში ვართ. დარწმუნებული ვარ, დიდი ბრძოლა იქნება, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, მოედნის მიღმა საქართველო და თურქეთი ახლო მეგობრებად დარჩებიან“.

მსგავსი