დინამოელები, იბერიელები და კოლუმბიელი ასპრილა - „კოლხეთმა“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
დინამოელები, იბერიელები და კოლუმბიელი ასპრილა - „კოლხეთმა“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913-მა“ სეზონისთვის მზადება დაასრულა და ჩემპიონატის დაწყებამდე ახალწვეულები წარადგინა. გუნდის პრეს-სამსახურის გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ გუნდში სერიოზული საკადრო სიახლეებია.

უძველეს ქართულ კლუბში ითამაშებს ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ ფერეირა, რომელიც „კოლხეთმა“ გასული სეზონის მეორე ნახევარში დაიმატა, ახლა კი ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

ფოთელებმა მცველი, რატი გრიგალავა მიიწვიეს. 18 წლის ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წევრია. „კოლხეთში“ ითამაშებს თბილისური კლუბის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, 23 წლის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში ევრო 2023-ის მონაწილეა.

განსაკუთრებით დიდი ცვლილებები „კოლხეთის“ ნახევარდაცვაშია, სადაც კიდევ ერთი დინამოელი, 18 წლის ნიკა კაპანაძე ითამაშებს. „კოლხეთი 2-იდან“ მთავარ გუნდში დავით ხელაია დააწინაურეს. თბილისის „იბერიას“ აკადემიიდან 17 წლის ნახევარმცველი გიგა ნიკვაშვილი გადაიბირეს, ხოლო ბათუმის „დინამოდან“ ორი ნახევარმცველი – 18 წლის დავით ინაიშვილი და 22 წლის დიტო ფაჩულია.

ფოთში ითამაშებს ხობის „კოლხეთის“ 20 წლის თავდამსხმელი, სანდრო ავალიანიც, რომელიც „იბერიას“ აკადემიის აღზრდილია. დუშეთის „არაგვიდან“ კი 25 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი, ხუან ასპრილა დაიმატეს.