„დინამო თბილისმა“ „ბურჯანაძის თასი“ და ორ ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა გორში გამართული თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტრადიციული ტურნირი.
„დინამოელებმა“ გუნდის ყოფილი ნახევარმცველის, გიორგი მამუჩიშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფში დაამარცხეს ფოთის „კოლხეთი“ (2:1), „იბერია 2“ (2:0), „ინტერი-საქართველო“ (5:1), მეოთხედფინალში გორის „დილას“ 9:0 აჯობეს.
ნახევარფინალში თბილისელებმა ქუთაისის „სერვალს“ (4:0) სძლიეს, ფინალში კი ქართული დერბი შედგა. ცოტნე მიქაბერიძისა და ნიკოლოზ ქანთარიას შედეგიანი თამაშით „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დაამარცხა და ბურჯანაძის თასიც ჩაიბარა.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში „დინამოს“ გუნდებმა საქართველოს ჩემპიონობა ორ ასაკობრივ ჯგუფში იზეიმეს – გუნდმა პირველობა 19 და 15-წლამდე ასაკში მოიპოვა.
„დინამო თბილისმა“ სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგაზე 69 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასული სფფ-ის ქუთაისის აკადემია 19 ქულით ჩამოიტოვა.
გივი ჩოხელის სახელობის 19-წლამდელთა ლიგაზე კი „დინამო თბილისმა“ სეზონი 59 ქულით დაასრულა და 6 ქულით აჯობა მეორე პოზიციაზე გასულ „იბერიას“, ხოლო მესამე ადგილზე ბათუმის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდი გავიდა. თბილისელები ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით „დინამო თბილისის“ აკადემიაში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა.