დიმიტრი შაშკინი - მე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, რატომ არ მაქვს უფლება, მქონდეს არასამთავრობო ორგანიზაცია
დიმიტრი შაშკინი - მე რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, რატომ არ მაქვს უფლება, მქონდეს არასამთავრობო ორგანიზაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ისტერიკაშია ჩავარდნილი, რადგან იციან, რომ არჩევნებს წააგებენ.

შაშკინი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას და მას ახალი საცირკო ნომერი უწოდა.

„ჩვენ დაახლოებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვხედავთ „ქართული ოცნების“ სრულ ისტერიკას. მესმის, რომ აგებენ, აგებენ მწარედ, სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონდეთ, რადგან როდესაც ბანდებს ქმნი, რომელიც ხალხს ატერორებს, ცემს და ესვრის, არ უნდა გქონდეს სხვა მოლოდინი გარდა იმისა, რომ არჩევნებს წააგებ. ჩვეულებრივ ისტერიკაზე გადავიდნენ და გვაბრალებენ, თურმე ჩვენ ჩვენს თავს ვესვრით, ჩვენს მანქანებს ვამტვრევთ, ჩვენს აქტივისტებს ვცემთ, ჩვენს ბილბორდებს ვჭრით და ა.შ.  დღეს წულუკიანი გამოვიდა ახალი საცირკო ნომრით, რომელსაც ჰქვია – არასამთავრობოები აყალბებენ არჩევნებს. ქალბატონი მინისტრი არ არის განათლებით იურისტი, დიპლომი არ აქვს, გასაგებია, რომ იურიდიულ საკითხებში უჭირს. ქართული კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც რეგისტრაციის შემდეგ არ აქვს გავლილი გარკვეული პერიოდი, ვერ იქნება არჩევნებზე დამკვირვებელი.
ანუ, როდესაც ის საუბრობს, რომ ახალი ორგანიზაციები შევქმენით, ეს არის ტყუილი. მე მაქვს კონსტიტუციური უფლება, შევქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია. 2014 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აკვირდებოდა არჩევნებს 2016-ში, 2017-ში, 2018-ში და დავაკვირდებით 2020-ში. ამავდროულად, ეს ორგანიზაციები მუშაობდნენ დამკვირვებლებლად 2015-ში უკრაინაში, შუა აზიაში და ასევე ასრულებდნენ სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც კანონმდებლობით არის დაშვებული.

ამაში გადასახადებსაც ვიხდიდით, ხალხი, რომელიც იყო დასაქმებული და ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხზეც. მე მაქვს შეკითხვა, იცით, რომ ყველა საარჩევნო უბანზე არის 12-კაციანი კომისია, 12-კაციან კომისიაში ექვსი უნდა იყოს პროფესიული ნიშით დანიშნული, სამი „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“, „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ერთი წევრი. მათემატიკა ხომ კარგად იცით, ხომ დავთვალეთ, რომ 10 კაცი ჰყავთ კომისიაში. თქვენ თუ თვლით, რომ საარჩევნო კომისია, რომელშიც 12 კაციდან 10 კაცს ფლობს „ქართული ოცნება“, დადებს ობიექტურ დასკვნას, მე რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არ მაქვს უფლება, მქონდეს არსამთავრობო ორგანიზაცია და ცესკო-ს აქვს უფლება, „ქართული ოცნების“ წევრები დანიშნოს პროფესიული ნიშნით? ლოგიკა სად არის. თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ფლობს უბანზე 10 კაცს, დადებს ობიექტურ დასკვნას, რატომ თვლით, რომ იმის გამო, რომ მე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, არ შეიძლება, ჩემმა ორგანიზაციამ დადოს ობიექტური დასკვნა.

საარჩევნო კომისია მიუკერძოებელი უნდა იყოს, ჩემი ორგანიზაციის წევრებიც არიან მიუკერძოებლები. კითხვაზე კითხვით გპასუხობთ. ბოდიში ჟარგონისთვის, ვიღაცას ჰგონია, ბიძინა ივანიშვილი დააბოლეს ,რომ 12 კაციდან 10 კაცს აკონტროლებს „ოცნება“და ამიტომ არჩევნებს გავაყალბებ. დაწყებული ვეტერანებით, დამთავრებული მაღაროელებით არასამთავრობო ორგანიზაციებში წევრიანდებიან, რომ უბნები გაყალბებისგან დიცვან, რაც არის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მოვალოება. რადგან თქვენ დააბოლეთ თქვენი უფროსი, რომ არჩევნებს გააყალბებთ, ნუ გგონიათ, რომ ამის შანსს მოგცემთ“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, ერთი მეოთხედი, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრობას“, ასეთია 20 ორგანიზაცია.

 

დატოვე კომენტარი