დიმიტრი შაშკინი ბოლნისის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან ერთად, კვლავ იარაღით გადაადგილდება [ფოტო/ვიდეო]

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან ერთად, იარაღით განაგრძობს გადაადგილებას.

შაშკინის განცხადებით, ფოტო, რომელზეც იარაღით ჩანს, არა საარჩევნო უბანზე, არამედ ქუჩაშია გადაღებული. მისივე თქმით, ფოტოზე მას იარაღი ხელში არ უჭირავს.

„უბნის ტერიტორიაზე მე არ მაქვს გადაადგილების უფლება და საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება. ამ არჩევნებში მე ვარ კანდიდატი და არც ერთ კანდიდატს არ აქვს უფლება, გარდა იმ მომენტისა, როდესაც თვითონ აძლევს ხმას, შევიდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ბეიჯიც არ მაქვს. მე შემიძლია, გადავაადგილდე ქუჩაში, მაგრამ არა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. ტყუილია, ეს არ არის სოფელი ტალავერი. ეს არის ქუჩა, ანუ ეს არ არის საარჩევნო უბანი. მე ვჯდებოდი მანქანაში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა პროვოკატორმა გადამიღო და თქვეს, რომ ხელში მიჭირავს იარაღი. ხელში მიჭირავს ტელეფონი“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი მხარდამჭერებთან ერთად იარაღით გადაადგილდებოდა. იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა თავად დიმიტრი შაშკინმაც, თუმცა, უარყო, რომ ეს საარჩევნო უბნის ტერიტორია იყო.