დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი „ტვ პირველზე“ - ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, ჩავერთო ამ გაურკვევლობაში
ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, ჩავერთო ამ გაურკვევლობაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ტვ პირველთან“ დაკავშირებით ჟურნალისტებს ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნისას განუცხადა.
„რაც შეეხება „ტვ პირველს“, ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, ჩავერთო ამ გაურკვევლობაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი ასევე გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომელიც ,,იბერიის” ჟურნალისტების კრიტიკას უკავშირდებოდა.
„პრემიერის განცხადებას სრულად მხარს ვუჭერ, მას აქვს თავისი შინაარსი და ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ინფორმაციას, რომელიც მედიასაშუალებებს ეხება.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტების სახელით გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.