დიმიტრი ქუმსიშვილი - ენგურჰესზე უკვე ოთხი აგრეგატი მუშაობს, სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზეც გაგვაქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ენგურჰესზე უკვე ოთხი აგრეგატი მუშაობს, სრულად ვაკმაყოფილებთ ელექტროენერგიის მოხმარებას და ექსპორტზეც გაგვაქვს

ენგურჰესზე უკვე ოთხი აგრეგატი მუშაობს და მეხუთე აგრეგატიც მალე ჩაირთვება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის ავარია, როგორიც ენგურჰესზე 24 მაისს მოხდა, ბოლო 20 წელია არ ყოფილა.

„ენგურჰესზე მოხდა ავარია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ ტიპის ავარია არ მომხდარა. საკმაოდ მალე, შვიდ დღეში ავარია იყო აღმოფხვრილი. დღეს უკვე ოთხი აგრეგატი მუშაობს, მეხუთე აგრეგატს სავარაუდოდ, ძალიან მალე დავაერთებთ. დღეს ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მოხმარებას ჩვენი ელექტროენერგიის და ელექტროენერგია ექსპორტზეც გაგვაქვს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ენგურჰესის რეაბილიტაციას, მისი თქმით, სამუშაოები მუდმივად ტარდება, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

„2019 წლის დასაწყისში ენგურჰესი სამი თვით გაჩერდება და შესაბამისად, ჩატარდება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები და ეს გეგმა არის აბსოლუტურად გამჭირვალე, შეთანხმებული. რეაბილიტაციის სამუშაოები იქ მიმდინარეობს, წელსაც ჩვენ პრაქტიკულად ორი აგრეგატის რეაბილიტირება მოვახდინეთ. გარდა ამისა, რეაბილიტაციაშია ერთ-ერთი გვირაბი, ასე რომ, იქ მუდმივად მიმდინარეობს საინვესტიციო პროგრამა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, 24 მაისს 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.