დიმიტრი პესკოვის მეუღლემ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

12:34, 28.07.2026

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მეუღლემ, ტატიანა ნავკამ ევრკავშირის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ევროკავშირმა ტატიანა ნავკა სანქციების სიაში 2022 წლის ივნისში შეიყვანა, ამავე სიაში მოხვდნენ პესკოვის შვილებიც. ბრიუსელში მაშინ განაცხადეს, რომ სანქციები, მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ფინანსური შეზღუდვები, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო დაწესდა.

ტატიანა ნავკა სარჩელში ამტკიცებს, რომ შეზღუდვების საფუძვლები სათანადოდ არ იყო ფორმულირებული, დაშვებულია შეცდომები სამართლის გამოყენებასა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასებაში, ხოლო ევროკავშირმა ვერ დაამტკიცა საკმარისი კავშირი მასა და სანქციების მიზანს შორის.

სარჩელის მიხედვით, კრემლის პრესსპიკერის მეუღლე ევროკავშირის საბჭოსგან მოითხოვს მატერიალური და რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას, რაც, საერთო ჯამში, დაახლოებით ორ მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც მედია წერს, ევროკავშირის ოფიციალური მონაცემთა ბაზის მიხედვით, იმავე იურიდიული გზით სანქციების გაუქმებას ცდილობს რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის მრეწველობის კორპორაციის, „როსტეხის“ ხელმძღვანელის, სერგეი ჩემეზოვის მეუღლე ეკატერინა იგნატოვაც.

მსგავსი