დიმიტრი პესკოვი – ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება და სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები იქნება შეჩერებული

16:21, 05.09.2026

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება და სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები იქნება შეჩერებული, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მოსკოვსა და კიევში დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ვიზიტია.

პოსკოვმა აღნიშნა, რომ იერიშები დღეს, შუაღამისას შეწყდება. როგორც დიმიტრი პესკოვმა თქვა, რუსულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 სექტემბრის შუაღამიდან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს.

„მართლაც, ასეთი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან მივიღეთ. რუსეთის პრეზიდენტმა და უზენაესმა მთავარსარდალმა, პუტინმა ბრძანა, რომ კიევზე დღეს, შუაღამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში დარტყმები არ განხორციელდეს. ეს განპირობებულია კიევში ამერიკული მოლაპარაკებებით“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 5 სექტემბრის შუაღამის შემდეგ 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 5 და 6 სექტემბერს, მოსკოვში უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს უკრაინა „რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას“ უზრუნველყოფს. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მოსკოვს, ამერიკელი მაღალჩინოსნების კიევში ვიზიტის დროს იერიშები შეაჩერონ.

მსგავსი