დიმიტრი პესკოვი - ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო, რუსეთის პასუხი სარკისებრი იქნება
დიმიტრი პესკოვი - ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო, რუსეთის პასუხი სარკისებრი იქნება

რუსეთი მწუხარებას გამოთქვამს ქვეყნებიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო და აცხადებს, რომ პასუხი სარკისებრი იქნება. სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს სერგეი სკრიპალის საქმესთან კავშირი არ აქვს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ დასავლური ქვეყნების გადაწყვეტილებას მოსკოვი შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მა, კანადამ, უკრაინამ და ასევე ევროკავშირის 14-მა წევრმა ქვეყანამ. სულ სამშობლოში დაბურნება 100 რუს დიპლომატს მოუწევს.

ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის შვილი იულია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში 4 მარტს იპოვეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

14 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა სახის კონტაქტს  წყვეტს და ეს გადაწყვეტილება ქალაქ სოლსბერიში, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო მიიღო.