დიმიტრი პესკოვი - ჩვენი დაკვირვებით, ევროპულ დედაქალაქებს სრულიად არ ერიდებათ, პოლიტიკური პროცესის დროს დემოკრატიის ფარგლებს გასცდნენ
დიმიტრი პესკოვი - ჩვენი დაკვირვებით, ევროპულ დედაქალაქებს სრულიად არ ერიდებათ, პოლიტიკური პროცესის დროს დემოკრატიის ფარგლებს გასცდნენ

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის საქმეზე გამოტანილ განაჩენს აკრიტიკებს.

„მართლაც, სულ უფრო მეტი ევროპული დედაქალაქი ადგას დემოკრატიული ნორმების გათელვის გზას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევა, ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია ეს. ეს საფრანგეთის შიდა საქმეა, მაგრამ, ზოგადად, ჩვენი დაკვირვებით, ევროპულ დედაქალაქებს სრულიად არ ერიდებათ, პოლიტიკური პროცესის დროს დემოკრატიის ფარგლებს გასცდნენ“,  – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენისთვის დაწესებული სასჯელი იყოფა ორ ნაწილად – ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება, მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი. ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება ხუთი წლით აეკრძალა.

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენსა და მისი პარტიის 24 წევრს, პარტიის ოფიციალურ პირებს, თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებსა და საპარლამენტო ასისტენტებს ბრალი ედებოდათ ევროპარლამენტში მუშაობისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენებაში იმ თანამშრომლების დასაფინანსებლად, რომლებიც მათი პარტიისთვის მუშაობდნენ. ლე პენი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებდნენ, რომ თანხების გამოყენების მეთოდი კანონიერი იყო.