დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც საქართველო „არარსებულ“ სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევს გვერდი გაუტეხეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის გვერდზე, სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტეში“ გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილად, ხოლო ყაზახეთი ხელოვნურ სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული. ეს ჩანაწერი დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს ღამით გამოქვეყნდა. პოსტში ეწერა, რომ უახლოეს მომავალში „სუვერენიტეტების აღლუმები აღარ იქნება“ და რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ყველა ერი „ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრულად და ურთიერთგაგებით“.
„ამისთვის ჩვენ არ დავიშურებთ არც ძალას, არც საშუალებებს. კიევისა და მალოროსიის ტერიტორიების ნაციონალისტების ბანდებისგან გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი ისევ იქნება ერთიანი, ძლიერი და დაუმარცხებელი“, – ეწერა მედვედევის გვერდზე. ასევე, აღნიშნული იყო, რომ მოსკოვი „სლავ ხალხს ჩაუდგება სათავეში“ და აღადგენს საზღვრებს, რომლებიც მისი თქმით, „არსად არ მთავრდება“. ამის მაგალითად მოყვანილი იყვნენ საქართველო და ყაზახეთი. „ვიდრე იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“, – აღნიშნული იყო პოსტში.
„ყველა მიწა, რომელიც ჩვენ წაგვართვეს, ჩვენი წინაპრების სისხლით იყო მორწყული და დაპყრობილი იყო მრავალრიცხოვანი ბრძოლების შედეგად საუკუნეების განმავლობაში და მათ არავის დავუთმოთ. მაგალითად, რუსეთთან მიერთებამდე საქართველო საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს საქართველოს დღევანდელი ტერიტორია შედგებოდა ხუთი სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტიფლისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო – სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე, სვანეთის სამთავრო მთიან რაიონებში. ანუ საქართველო დღევანდელ საზღვრებში წარმოიშვა მხოლოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. საქართველო მიილტვოდა რუსეთისკენ, რადგან ის ხვდებოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური ქვეყნების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში. ახლაც იგივე ისტორია მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება, გაერთიანდნენ მხოლოდ რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, – ეწერა პოსტში.
აღნიშნული პოსტის ფოტო გაავრცელა რუსმა აქტივისტმა და ყოფილმა ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა. მისი თქმით, „ფსონს დებს, რომ მედვედევის ანგარიში გატეხეს“.
დილით ოფიციალურ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სოციალური ქსელი ჰაკერებმა გატეხეს და აღნიშნულ საქმეს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გამოიკვლევს.
„ვ კონტაკტეს“ ქსელში მედვედევს 2,2 მილიონი გამომწერი ჰყავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის გვერდები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად გააქტიურდა. მან მანამდეც გააკეთა არაერთი აგრესიული კომენტარი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.