დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, არსებული პრობლემები მოგვარდება და ინფექციური საავადმყოფო გააგრძელებს თავისი შეუცვლელი როლის შესრულებას
დიმიტრი ხუნდაძე - ვფიქრობ, არსებული პრობლემები მოგვარდება და ინფექციური საავადმყოფო გააგრძელებს თავისი შეუცვლელი როლის შესრულებას

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიეწოდა. ხუნდაძის განმარტებით, მისი ნათქვამი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ინფექციური საავადმყოფოს როლი შეუცვლელია, თუმცა, პაციენტების მიღების შეწყვეტა, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი არ არის.

ამასთან, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდება და ინფექციური საავადმყოფო თავისი შეუცვლელი როლის შესრულებას გააგრძელებს.

„ვფიქრობ, ბატონი თენგიზის ამდაგვარი პასუხი განაპირობა არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ და კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ჩემმა გამონათქვამმა. პირველ რიგში, მინდა, დავადასტურო ბატონი თენგიზის, როგორც პიროვნების, ასევე უდიდესი პროფესიონალის მიმართ პატივისცემა. ინფექციური საავადმყოფოს როლი არის შეუცვლელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, პაციენტების მიღების შეწყვეტა არ არის საუკეთესო გამოსავალი.

მე ვფიქრობ, რომ სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელობასთან ერთად მოგვარდება ის პრობლემები, რაც არსებობს და ინფექციური საავადმყოფო გააგრძელებს თავისი შეუცვლელი როლის შესრულებას. თუ კი საჭირო იქნება კომიტეტის ჩართულობა, რა თქმა უნდა, კომიტეტიც ჩაერთვება. გუშინ სტაციონარში ვიმყოფებოდი, ჯანმრთელობის გამო, არ მქონდა საშუალება, ბატონ თენგიზთან გამესაუბრა. დღეს დილიდან ვცდილობდი მასთან გასაუბრებას, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს, თუმცა აუცილებლად მოვახერხებ, რომ ბატონ თენგიზს მივაწოდო, არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი საკითხი, რამაც გარკვეულწილად მისი გაღიზიანება გამოიწვია, არამედ ის, რაც მე რეალურად ვთქვი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველ არხთან.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.