დიმიტრი ხუნდაძე - სამწუხაროდ, ამ ოპოზიციის ხელში, პარლამენტში ბევრი შეუსაბამო და უზრდელი გამოთქმა ისმის, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას წიხლი საწყენი არ არის
დიმიტრი ხუნდაძე - სამწუხაროდ, ამ ოპოზიციის ხელში, პარლამენტში ბევრი შეუსაბამო და უზრდელი გამოთქმა ისმის, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას წიხლი საწყენი არ არის

სამწუხაროდ, ამ ოპოზიციის ხელში, პარლამენტში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელი გამოთქმა ისმის, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამით ხუნდაძე გამოეხმაურა სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არც კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ და არც ადამიანის სიცოცხლე.

„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ. სამწუხაროდ, ამ ოპოზიციის ხელში, პარლამენტში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელი გამოთქმა ისმის, მაგრამ რას ვიზამთ, ყველას წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. თქვენც ხვდებით და საზოგადოებაც ხედავს ამას, რომ არ მგონია ჩვენს ოპონენტებს ან „კოვიდი“ აწუხებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამას აქამდეც ასე აკეთებდნენ და როგორც ხედავთ, ყალბი ბოდიშის შემდეგაც იგივე ღირებულებები აქვთ. ანუ ყველაფერი შესაძლებელია და მათ ღირებულებებში სიცოცხლე უკანა პლანზეა გადატანილი. ჩვენ გვესმოდა მათი შეფასებები, ხელისუფლებას უგუნურებაში ადანაშაულებდნენ, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური ვარდნა. მე მგონი მათ არ უნდათ გაიგონ, რომ დღეს, მსოფლიო პანდემიის რეჟიმში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას ეკონომიკური ვარდნა აქვს. მე ვფიქრობ, ისინი მთელ მსოფლიოსაც უგუნურობაში ადანაშაულებენ და თუ ისინი ყველაზე ჭკვიანები არიან, მთელი მსოფლიოსგან და ყველა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მე მგონი აქ იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არა უშავს, ეს ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.