არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტში გინება ღირსეული საქციელი არ არის
არჩილ თალაკვაძემ გიგა ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტში გინება ღირსეული საქციელი არ არის

კორექტულად, ბატონო გიგა, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი, – ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგა ბოკერიას მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს კორექტულობისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის კამათი მიხეილ ყაველაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრები „ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც ომის დროს გარბოდნენ“.

თავის მხრივ, მას გიგა ბოკერიამ უპასუხა: „ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე“.

ინციდენტის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

„კორექტულად, ბატონო გიგა. პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი. მემგონი, რეალურად დავინახეთ, ამ დარბაზში ოპონირების სურვილი ვის აქვს, ვინ არის მზად, რომ ოპონენტებს მოუსმინოს, იკამათოს. საზოგადოება ამ ყველაფერს შეაფასებს 2020 წლის არჩევნებში. ჩემთვის ასევე, გასაკვირია, როგორ მოდის  თანხმობაში ის, რომ საზოგადოებას სწორედ ეს პოლიტიკური პარტიები არწმუნებენ, რომ ისინი უნდა იყვნენ მომდევნო პარლამენტშიც, მაგრამ მაშინ, როდესაც პარლამენტში უნდა იმყოფებოდნენ, დარბაზი არის ცარიელი. არა მხოლოდ პლენარულ სხდომას, არამედ ბიუროს სხდომებსაც კი არ ესწრებიან. ესეც ერთგვარი გაორებაა, რაც ამ ძველ ოპოზიციას სამწუხაროდ, სჭირს. ანუ ისინი საზოგადოებას სთხოვენ იმას, რაზეც უკვე უარი აქვთ ნათქვამი. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა, ოპონირება და უბრალოდ არ შეუძლიათ, განსხვავებული არგუმენტების მოსმენა. ეს სამწუხაროა. იმედი მაქვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საზოგადოებასთან ერთად ამ პრობლემასაც გამოვასწორებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.