დიმიტრი ხუნდაძე - პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე ევროპარლამენტარ ფოტიგას და ევროკავშირის ლიდერების პოზიცია სხვადასხვაა
დიმიტრი ხუნდაძე - პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე ევროპარლამენტარ ფოტიგას და ევროკავშირის ლიდერების პოზიცია სხვადასხვაა

ევროპისკენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მივდივართ და ჩვენმა პარტნიორებმაც, ყოფილი პრეზიდენტის პირადმა მეგობრებმაც ანგარიში უნდა გაუწიონ ამ საზოგადოების შეხედულებებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე გამოეხმაურა სააკაშვილის შეწყალებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას მოთხოვნით შესულ შესწორებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „ევროპარლამენტის წევრები თავისუფლები არიან, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ის გამოთქვეს ჩვენმა ლიდერებმა“.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საქართველოს აქვს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ევროკავშირთან, სააკაშვილი კი ინდივიდუალურ ურთიერთობებსა და ლობისტებზე დაყრდნობით მართავდა ქვეყანას.

„დღეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სხვაა ფოტიგას, როგორც რიგითი ევროპარლამენტარის პოზიცია და მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ხოლო ევროკავშირის ლიდერების პოზიცია სხვაა, ეს ყველასათვის ცნობილია. მივესალმებით ასეთ დაკონკრეტებას. ჩვენც ყოველთვის ამას ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ არის ერთი რიგითი ევროპარლამენტარის პოზიცია. ევროპა ბევრად უფრო დიდი ღირებულებებია, ვიდრე სააკაშვილის ლობისტების მოსაზრებები. საქართველოს აქვს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები ევროკავშირთან. სააკაშვილი კი ინდივიდუალურ ურთიერთობებსა და ლობისტებზე დაყრდნობით მართავდა ქვეყნის მომავალს. კარგი იქნება, ყოველთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის პირადი მეგობრები და ლობისტები გააკეთებენ ფოტიგასნაირ განცხადებებს, მოჰყვეს ახსნა ევროპიდან, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია, თორემ ქართველი ხალხისთვის მთლიანად ევროპა ხდება სალანძღავი, რაც ჩვენ არ გვსურს. ევროპისკენ ქართულ საზოგადოებასთან ერთად მივდივართ და ჩვენმა პარტნიორებმაც და ყოფილი პრეზიდენტის პირადმა მეგობრებმაც ანგარიში უნდა გაუწიონ ამ საზოგადოების შეხედულებებს. ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი არის სისხლიანი რეჟიმის მეთაური. ის სამართლიანად იხდის სასჯელს და ამის აღიარება პარტნიორების მხრიდან სწორედ ჩვენი მართლმსაჯულებისა და ჩვენი ხალხის დაფასებაა“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.