დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტში ვაკანტური ადგილების დაკავება არ ნიშნავს, რომ ვიღაც თანამდებობას ეძებს, ეს არის საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება
დიმიტრი ხუნდაძე - პარლამენტში ვაკანტური ადგილების დაკავება არ ნიშნავს, რომ ვიღაც თანამდებობას ეძებს, ეს არის საპარლამენტო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სწრაფად უნდა მოხდეს პარლამენტში არსებული ვაკანტური ადგილების დაკავება, რათა საპარლამენტო საქმიანობა შეუფერხებლად განხორციელდეს.

ამის შესახებ მან დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

ხუნდაძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში საპარლამენტო მუშაობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

„გაჩნდა ვაკანტური ადგილები შესაბამის კომიტეტებში, იმის გამო, რომ რამდენიმე წევრმა დატოვა გუნდი. მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ სრულიად შინაგანი განწყობით მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაც თანამდებობას ეძებს და იკავებს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. ეს არის მისი ვალდებულება. თითოეულ დარგობრივ კომიტეტს აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით. ამიტომ, კომიტეტების მუშაობა რომ არ შეფერხდეს, სწრაფად უნდა მოხდეს ამ ვაკანტური ადგილების დაკავება შესაბამისი კომპეტენციისა და ძალიან ბევრი განზომილების გათვალისწინებით. ასე რომ, ეს არ არის თანამდებობების დაკავება, ეს არის საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება შეუფერხებლად“, – განაცხადა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით დღეს პლენალურ სხდომაზე იმსჯელებენ.

როგორც გუშინ ბიუროს სხომაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერის პოზიციას – მამუკა მდინარაძე, რომელიც, ასევე, უხელმძღვანელებს უმრავლესობას. ასევე, ვიცე-სპიკერი იქნება გიორგი კახიანი, რომელიც აქამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთ ვიცე-სპიკერად მმართველი გუნდი კახა კუჭავას წარადგენს. ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობამ ირაკლი ბერაია წარადგინა, რომელიც აქამდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დავით სონღულაშვილი დაიკავებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იქნება. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე დაწინაურდება გენადი მარგველაშვილი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი, გურამ მაჭარაშვილი იქნება.